აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების შესახებ 2021 წლის ანგარიშში, წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ ეკლესიების ავტოკეფალიის გამოცხადების ამბიციებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მხარს ფარულად უჭერდა. როგორც ჩანს, რუსეთი ჩაერია აფხაზური ენის საკითხშიც. მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ე.წ. აფხაზეთის პარლამენტმა საარჩევნო კანონში ცვლილებები შეიტანა და ამიერიდან „დეპუტატი“ შეიძლება გახდეს მხოლოდ ის ადამიანი, ვინც აფხაზური ენა იცის. საკითხს გამოეხმაურა ნაცმოძრაობის ლიდერი ნიკა მელია. როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, ამ ცვლილებებით, „დეპუტატი“ შეიძლება გახდეს მხოლოდ ეთნიკური აფხაზი, რადგან სხვები, მით უმეტეს რუსები, აფხაზურ ენას ვერ და არ სწავლობენ. მელიას ინფორმაციით, მოსკოვიდან აფხაზებს მიუთითეს, რომ თუ ეს კანონი დაუყოვნებლივ არ გაუქმდებოდა, სერიოზულ სანქციებს ვერ ასცდებოდნენ, აფხაზებმა კი რუსებს უპასუხეს, რომ აფხაზეთში ყველა მაინც რუსულად ლაპარაკობს და ეს აფხაზური ენის გადასარჩენად სჭირდებათ.