საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე გათამაშება დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. დინამო არენაზე" ერთა ლიგის 2022 წლის სეზონის პირველი მატჩი გაიმართა, C ლიგის მე-4 ჯგუფში ვილი სანიოლის ნაკრებმა ჯგუფის აუტსაიდერს, გიბრალტარის ნაკრებს უმასპინძლა და იოლად 4-0 დაამარცხა.
ანგარიში მე-12 წუთზე გაიხსნა, გიორგი წიტაიშვილმა კვარაცხელია მოძებნა, ხვიჩამაც წინ გამოსულ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და ნაკრებში თავისი მე-6 გოლი გაიტანა. მეორე გოლი კი 33-ე წუთზე გავიდა. კვარაცხელიას მიერ ჯარიმიდან ჩაწოდებულ ბურთზე ყველას გურამ კაშიამ აჯობა და ანგარიში გაზარდა. ბოლო ორი გოლი კი შეხვედრის მიწურულს გავიდა. 87-ე წუთზე საბა ლობჟანიძემ ჯერ მიქაუტაძეს გაატანინა, ზუსტად ორ წუთში კი ვაკო ყაზაიშვილს.
საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კარისკენ 28-ჯერ დაარტყა! აქედან 12 ზუსტი იყო.მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 5 ივნისს, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გასვლაზე გამართავს, რომელიც შინ ჩრდილოეთ მაკედონიას 1:1-ს დაუზავდა.