შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, რომელმაც 2020 წელს მხოლოდ მესამე ცდით შეძლო ქვეყნის უმაღლესი პოსტის დაკავება, საკმაოდ საინტერესო პოლიტიკური ბიოგრაფია აქვს, რაც არცაა გასაკვირი, რადგან 79 წლის პოლიტიკოსმა მართლაც უზარმაზარი გამოცდილება შეიძინა ხანგრძლივი კარიერის მანძილზე.
ჯოზეფ რობინეტ ბაიდენ-უმცროსი 1942 წლის 20 ნოემბერს დაიბადა პენსილვანიის შტატის მუშათა ქალაქ სკრენტონში. დედისგან - კეტრინ იუჯინ ფინეგანისგან ჯომ ირლანდიური, მამისგან - ჯეზეფ რობინეტ უფროსისგან კი, ინგლისური და ფრანგული წარმომავლობა მიიღო მემკვიდრეობად. უმცროს და-ძმასთან ერთად ჯო კათოლიკური ეკლესიის წესებით და დედის მკაცრი მეთვალყურეობით იზრდებოდა, მით უფრო, რომ მამა მთელ დროს სამსახურში ატარებდა.
მართალია, მომავალი პრეზიდენტის წინაპრები ამერიკის ელიტას მიეკუთნებოდნენ, მაგრამ უფროსი ბაიდენი, რომელიც მამის სოლიდური ქონების მემკვიდრე გახდა, 1950-იან წლებში რამდენიმე მარცხიანი ფინანსური გარიგების შემდეგ ერთიანად გაკოტრდა. მონდომების მიუხედავად ჯოზეფ რობინეტმა მაინც ვერ შეძლო ძველი გავლენის და დაკარგული ქონების სრულად დაბრუნება, თუმცა ძველი ავტომობილების გაყიდვით მაინც მოახერხა ოჯახისთვის საშუალო კლასის ცხოვრების უზრუნველყოფა.
ბავშვობაში ჯოს ენის ბორძიკი ტანჯავდა, რაც სწავლასა და თანატოლებთან ურთიერთობაში უშლიდა ხელს, თუმცა ადრეული ასაკიდან საოცარი ნებისყოფის პატრონმა მაინც შეძლო ნაკლის დაძლევა ყოველდღე სარკის წინ რამდენიმესაათიანი ლექსების კითხვით.
მომავალი პოლიტიკოსი ჯერ უილმინგტონში, წმინდა ელენეს საშუალო სკოლაში, მერე კერძო სასწავლებელში Archmere Academy-ში სწავლობდა, რომლის დამთავრების შემდეგ დელავერის უნივერსიტეტში ჩააბარა და 1965 წელს ისტორიისა და პოლიტოლოგიის ბაკალავრის ხარისხით დაასრულა. თანაკურსელების განცხადებით, მართალია ახალგაზრდა ბაიდენი არც აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდა, არც განსაკუთრებული მიღწევებით ფეხბურთსა და ბეისბოლში, მაგრამ ლიდერის თვისებები ნამდვილად ჰქონდა, რაც ხშირად თავხედობას ემსგავსებოდა. მეტიც, სტუდენტურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმულმა ჯომ პრაქტიკულად აიძულა კურსელებს მისი არჩევა სადისკუსიო კლუბის პრეზიდენტად.
1965 წელს ბაიდენს, რომელსაც არასაკმარისად მოეჩვენა მიღებული განათლება, ნიუ-იორკში სირაკუზის უნივერსიტეტის იურიდიულ კოლეჯში ჩააბარა, რომელიც სამ წელიწადში დაამთავრა სამართლის დოქტორის ხარისხით.
1968 წელს ბაიდენმა რამდენიმე თვე იურიდიულ კანტორაში იმუშავა, მერე სახელმწიფო დამცველი გახდა საოლქო სასამართლოში, ერთი წლის შემდეგ კი, საკუთარი იურიდიული ფირმა Biden and Walsh შექმნა, რომელიც სისხლის სამართლის და კორპორატიული საქმეების პარალელურად კერძო ქონებასაც მართავდა.