თბილისის საქალაქო სასამართლოში ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე პატრულ-ინსპექტორი და სამედიცინო ბრიგადის ორი ექიმი დაიკითხა, რომლებმაც დაზარალებულ ნელი დოროყაშვილს დაზიანებებთან დაკავშირებით ექსპერტიზა ჩაუტარეს.
სასამართლო პროცესს დისტანციურად ესწრებოდა ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი. აღნიშნული საქმის პროკურორის, ნათია გურულის ინფორმაციით, მოწმეებმა დაადასტურეს დაზარალებულის სხეულზე არსებული ფიზიკური დაზიანების კვალის არსებობა და ისაუბრეს დოროყაშვილის ემოციური მდგომარეობის შესახებ.
თავის მხრივ, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი თეონა გვაზავა განმარტავს, რომ შესაძლებელია ნელი დოროყაშვილს დაზიანება ნებისმიერი ფორმით მიეღო, მათ შორის, წნევის აპარატის მეშვეობით, საკუთარი ხელის შეხებით, ან ბავშვთან კონტაქტის დროს.