საქართველოს გენერალურმა პროკურორმა და აშშ-ის ელჩმა საქართველოში კრიპტოვალუტის დანაშაულებთან დაკავშირებული ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს - Palitra News

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა და აშშ-ის ელჩმა საქართველოში კრიპტოვალუტის დანაშაულებთან დაკავშირებული ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს

2022-05-23 13:08:57+04:00

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მხარდაჭერით განხორციელებული კრიპტოვალუტის დანაშაულებთან დაკავშირებული ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

გენარალური პროკურორის განცხადებით ამერიკელ ექსპერტებთან ერთად შემუშავდა ახალი რეკომენდაციები ციფრული აქტივების მოძიების და ამოღების მიმართულებით, რომელიც მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო იქნება პროკურორებისთვის და გამომძიებლებისთვის კიბერდანაშაულთან წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე, აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მხარდაჭერით კრიპტოვალუტის ამოღების სპეციალური დანაყოფი შეიქმნება.

არსებული ინფორმაციით, კრიპტოვალუტის დანაშაულებთან დაკავშირებული ტრენინგი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ვირტუალური აქტივების დანაშაულებრივი გამოყენება, ვირტუალური აქტივების მოძიება და ამოღება, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების ანალიზი.