ალკუნი - ფრინველს, რომლის სახელი ძველბერძნულიდან მომდინარეობს, რამდენიმე საინტერესო მითი უკავშირდება. ერთ-ერთის თანახმად, ალკუნი ეოლუსის ქალიშვილის - ალკიონეს წყალობით გაჩნდა. სწორედ მისი სილამაზით მოხიბლა ზევსი, თუმცა ზედმეტად ქედმაღალი ქალის უარის შემდეგ, მისი ეგზოტიკურ ფრინველად ქცევა გადაწყვიტა, მეორე მითის მტკიცებით კი, როცა ჰერაკლემ გოლიათი ალკიონევსი გამოასალმა სიცოცხლეს, ამფიტრიტამ მის ქალიშვილებს - ალკიონიდებს უბოძა მარადიული სიცოცხლე, თუმცა სამყაროს ზღვის ფრინველებად - ალკუნიდებად მოუვლინა.
ალკუნის, რომლის ოჯახი ექვს სახეობას, მათ შორის, ჩვეულებრივ ანუ ცისფერ ალკუნის, ლურჯყურა, ფირუზისფერ და ზოლიან ალკუნის აერთიანებს, გავრცელების საკმაოდ ფართო არეალს მოიცავს და ერთნაირად კომფორტულად გრძნობს თავს როგორც აფრიკის ჩრდილო-დასავლეთში, ევროპასა და აზიაში, ისე ახალ ზელანდიაში, ავსტრალიასა და სოლომონის კუნძულებზე,ზოგიერთი სახეობის მოძიება კი, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზეც შეიძლება.
მართალია, ხასხასა ფერებში აჭრელებული ალკუნის გაბარიტები მეტწილად სახეობაზეა დამოკიდებული, მაგრამ ფრინველის მაქსიმალური სიგრძე მხოლოდ 40 სანტიმეტრს შეადგენს, მასა კი, არასდროს აღემატება 400 გრამს. ალკუნის მთავარ განმასხვავებელ თავისებურებად მოკლე თათები შეზრდილი თითებით და დიდი, ძლიერი ნისკარტი ითვლება.
სხვათა შორის, ნისკარტის ფორმა ფრინველის რაციონზეა დამოკიდებული, რადგან ჩვეულებრივ (იგივე ცისფერ) ალკუნს, რომელიც თევზით იკვებება სწორი და ბასრი ნისკარტი აქვს, მცირე ძუძუმწოვრებისა და ამფიბიების მოყვარული გიგანტი ალკუნი უფრო ფართო და მოკლე ნისკარტით ხასიათდება, სახეობა კი, რომელიც მწერებზე ნადირობით ირჩენს თავს - მოკაუჭებული ნისკარტით გამოირჩევა.
აღსანიშნავია, რომ სახეობათა უმეტესობას კაშკაშა ნარინჯისფერი მუცელი და იშვიათი სტრუქტურის, მოლურჯო-ცისფერი ფრთები აქვს, რაც პირველ რიგში სპეციალური პიგმენტების - კაროტინოდების დამსახურებაა.