პენსიების გამცემი ბანკის გამოსავლენად გამოცხადებულ ტენდერში „ლიბერთმა ბანკმა“ გაიმარჯვა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ფულადი გასაცემლების გაცემის/დარიგების საბანკო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტომ ტენდერი 12 აპრილს გამოაცხადა. წინადადებების მიღება კი 16 მაისს დასრულდა. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 105 მლნ ლარია. „ლიბერთის“ მიერ შეთავაზებული თანხა სწორედ 105 მლნ ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტენდერში გამარჯვებული „ლიბერთი ბანკი“ მომხმარებლებს მომსახურებას 7 წლით - 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 2029 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაუწევს.