უნიკალურმა, თუმცა ნაკლებად შესწავლილმა ფრთოსანმა, რომლის სავიზიტო ბარათად სხვადასხვა ფერის, საოცრად ეფექტური შეფერილობა ითვლება, შვედი ბუნებისმეტყველის კარლ ლინეეს წყალობით შეიძინა სახელი, რომელმაც ფრინველს Paradisaea apoda ანუ „უფეხო სამოთხის ჩიტი“ უწოდა.
აღსანიშნავია, რომ მე-16 საუკუნეში ეგზოტიკური ფრინველი ან მისი ფიტული ევროპაში კიდურების გარეშე იყიდებოდა, რადგან ახალი გვინეისა და მოლუკის კუნძულების აბორიგენები კიდურებს თავისთვის იტოვებდნენ სხვადასხვა სამშვენისის დასამზადებლად. სწორედ ამიტომ გაჩნდა მცდარი წარმოდგენა, თითქოს ხასხასა ფერებში შებუმბვლილ ფრინველს, რომელიც სამოთხიდან სტუმრობდა აბორიგენებს, ფეხები არ ჰქონდა, მხოლოდ ცაში ფრენდა ლაღად, მიწასთან შეხების შემთხვევაში კი, აუცილებლად იღუპებოდა.
მართალია, სახელი სამოთხის ჩიტს შვედი ლინეეს წყალობით ეწოდა, მაგრამ პირველი ევროპელი ვინც მისი არსებობის შესახებ შეიტყო ცნობილი ზღვაოსანი ფერნანდო მაგელანი იყო, რომელმაც სწორედ უჩვეულო ფრთოსანი მიიღო საჩუქრად მოლუკის კუნძულის სულთანისგან, ევროპაში კი, ფრინველი მაგელანის მემკვიდრემ ხუან სებასტიან ელ-კანომ ჩამოიყვანა, რომელმაც ერთგვარ მისტიკურ ქმნილებად აქცია ჩიტი და შესაძლოა სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ბრაკონიერობას, რადგან ევროპელები ერთიანად დაიძრნენ შორეული კუნძულებისკენ ფრინველზე სანადიროდ.
სხვათა შორის, ახალი გვინეის მოსახლეობას დღემდე სჯერა სამოთხის ჩიტის ზებუნებრივი შესაძლებლობების და სამკურნალო თვისებების, ამიტომ განსაკუთრებულ პატივს სცემს ფრინველს და სხვადასხვა რიტუალით სთხოვს სურვილების ასრულებას.
ბეღურასნაირთა რიგს მიკუთნებული სამოთხის ფრინველი, რომელიც 44 სახეობას აერთიანებს მეტწილად ახალ გვინეაში, ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროსა და ინდონეზიის კუნძულებზე ბინადრობს.
სახეობების გათვალისწინებით, სამოთხის ფრინველებს განსხვავებული გაბარიტები და შეფერილობა აქვთ. საშუალოდ ჩიტის სიმაღლე 14 სანტიმეტრიდან 1 მეტრს აღწევს, შებუმბლვა კი, ერთიანად შავი ან მუქი ნაცრისფერიც შეიძლება იყოს და ჭრელიც, მეტწილად წითელი, ყვითელი და ლურჯი ფერებით. ფერითაა გამოხატული სქესობრივი დიმორფიზმიც, რადგან მამრი უფრო ხასხასა ფერის ბუმბულით ხასიათდება.
ფრინველები მეტწილად ტყეში ბინადრობენ და ნაკლებად მიფრინავენ მთაში, დამოუკიდებელი ცხოვრების წესს მისდევენ, არასდროს იკვრებიან ჯგუფში და ძალიან იშვიათად ქმნიან ოჯახს. აღსანიშნავია მამრის რიტუალური ცეკვა, როცა საქორწინოდ გამზადებული ან ფართოდ შლის ფრთებს და პატარა შავ ბურთს ემსგავსება თვალების ნაცვლად ორი ფირუზისფერი წერტილით, ან ძალიან სწრაფად ასრულებს რთულ მოძრაობებს მდედრის დასაბნევად. უცნაური ჩვეულება აქვს ე.წ. სამეფო სამოთხის ჩიტსაც, რომელიც ჯერ რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ფრინდება, მერე მოწყვეტით ეცემა მიწისკენ და სწორედ ასე ცდილობს პარტნიორის მოხიბვლას.
მეტად შთამბეჭდავია ფრინველის გალობა, რომელზეც უამრავი მითი და ლამაზი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთის თანახმად, ფრინველმა ბერი მოაჯადოვა და საკუთარი გალობით შეიტყუა ტყეში. საოცარი ხმითა და გარეგნობით მონუსხული ბერი სამი დღე დასდევდა ფრინველს დასაჭერად, თუმცა არაფერი გამოუვიდა და იმედგაცრუებული დაბრუნდა მონასტერში, სადაც შეიტყო, რომ სამი დღის ნაცვლად, სინამდვილეში მთელი სამი საუკუნე ცდილობდა მის დაჭერას.
ზღაპრულ მითს ჰგავს მოსაზრებაც, თითქოს ჩიტები ჰაერში დებენ კვერცხს და ჰაერში გამოჰყავთ ბარტყები. სინამდვილეში, ფრინველი ან ხის ტოტზე იკეთებს ბუდეს ან ფუღუროში ბინავდება. ბუდეს, რომელსაც მომრგვალებული თასის ფორმა აქვს ახლად შეუღლებული ფრინველები ერთად აგებენ, თუმცა მემკვიდრეების გაზრდაზე მხოლოდ მდედრი ზრუნავს.
გაბარიტებით განსხვავებულ ფრინველებს კვების რაციონიც განსხვავებული აქვთ. მცირე ზომის ჩიტები მწერებით იკვებებიან, შედარებით მსხვილები კი, ხილს, ბაყაყებს და ხვლიკებს ანიჭებენ უპირატესობას.
მართალია, ჩვეულ ველურ გარემოში ფრინველი მთელი 20 წელი ცოცხლობს, მაგრამ ეგზოტიკური შეფერილობისა და მკვრივი ბუმბულის წყალობით, რომლისგანაც სხვადასხვა სამშვენისი მზადდება, მე-20 საუკუნის ბოლოს მისი პოპულაცია საგრძნობლად შემცირდა. დღეს ფრინველზე ნადირობა აკრძალულია და კანონით ისჯება.