საყოფაცხოვრებო საქონლის მწარმოებელი, Procter&Gamble Co აცხადებს, რომ შესაძლოა, რუსეთში დარჩენა ვეღარ შეძლოს და ბიზნესი მთლიანად შეწყვიტოს, რისი მიზეზიც სანქციები, ფინანსური ინსტიტუტების შეზღუდვები, მიწოდების გამოწვევები და ფულად-საკრედიტო კონტროლია. ამის შესახებ კომპანიის ფასიანი ქაღალდების ანგარიშში წერია, რასაც Reuters-ი ავრცელებს.
P&G-მა და მისმა ბევრმა კონკურენტმა რუსეთში ბიზნესი ჯერ კიდევ მარტში, მას შემდეგ შეაჩერეს, რაც რუსეთი მეზობელ უკრაინაში შეიჭრა. P&G-ის რუსეთში, დაახლოებით, 2500 თანამშრომელი ჰყავს. კომპანიაში აცხადებენ, რომ არსებობს „გაურკვევლობის მაღალი დონე, თუ როგორ წარიმართება ომი, როგორი იქნება მისი ხანგრძლივობა და საბოლოო დასრულება".კომპანიამ, ასევე, განაცხადა, რომ მისი ორი ქარხანა უკრაინაში შესაძლოა, განადგურდეს, რაც კომპანიას სერიოზულ ფინანსურ დარტყმას მიაყენებს. უკრაინაში P&G-ს, დაახლოებით, 500 თანამშრომელი ჰყავს.
ომამდე რუსეთსა და უკრაინაში P&G-ის სუფთა გაყიდვები მისი გლობალური მოგების 1,5%-დან 2%-მდე შეადგენდა.