მაჰათმა განდი - მე-20 საუკუნის ცნობილი განმანათლებელი და საზოგადო მოღვაწე მაჰათმა განდი, რომელიც ინდოეთის ეროვნული მოძრაობის იდეოლოგად და ლიდერად ითვლება, არა მხოლოდ დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმარა საკუთარ ქვეყანას, არამედ სატიაგრაჰას ანუ არაძალადობრივი ბრძოლის სრულიად ახალი ფილოსოფია დაამკვიდრა, რომელიც ყველა უფლებადამცველისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი პაციფისტის ერთგვარ სახელმძღვანელოდ იქცა.
სამწუხაროდ, ბრიტანელ კოლონიზატორთა წნეხისგან განთავისუფლების მიუხედავად, განდიმ მაინც ვერ შეძლო მოპოვებული თავისუფლებით დატკბობა, რადგან ინდოეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ერთ წელიწადში ექსტრემისტების შეთქმულებას ემსხვერპლა.
მოჰანდას კარამჩანდ განდი 1869 წლის 2 ოქტომბერს დაიბადა გუჯარათის ქალაქ პორბანდარში. მისი მამა - კაბა განდი, რომელიც მოვაჭრეთა და მევახშეთა გავლენიან კასტას მიეკუთნებოდა, დივანი ანუ ქალაქის მთავარი მინისტრი იყო, დედა - ღრმად მორწმუნე პუტლიბაი კი, საოჯახო მეურნეობას უძღვებოდა და ინდუიზმის ყველა ადათის დაცვით ზრდიდა შვილებს, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ასკეტური ცხოვრებას, თავშეკავებასა და ყველა მიწიერ სიამოვნებაზე უარის თქმას მოჰანდასი ადრეული ბავშვობიდან შეეჩვია და სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა.
მოჰანდასმა ძალიან ადრე - 13 წლისამ იქორწინა, როცა მშობლებმა მისივე თანატოლი, მოზარდი კასტრუბა გააცნეს. მეუღლეებს, რომელთაც 62 წელი იცხოვრეს ერთად ოთხი ვაჟიშვილი - ჰარილალი, მანილალი, რამდასი და დევდასი შეეძინათ. თუმცა უფროსი მამამ ახალგაზრდობაშივე მოკვეთა ოჯახიდან, რადგან ალკოჰოლით გატაცებული ჰარილალი ზედმეტად გაიტაცა თავაშვებულმა ცხოვრებამ და ყველა ავანტიურაში გაბმულმა უამრავი ვალი დაიდო, რომელთა გასტუმრება მის ძმებს მოუხდათ. ჰარილალი 1949 წელს გარდაიცვალა ღვიძლის ციროზით, დანარჩენებმა კი, მამის გზა აირჩიეს და აქტიურად ჩაებნენ მისსავე წამოწყებულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში.
7 წლის განდი პრესტიჟულ ინგლისურ სკოლაში ჩაირიცხა, თუმცა სწავლას მაინც ვერ დაუდო გული და მხოლოდ უმაღლეს სკოლაში დაინტერესდა იურისპრუდენციით. 19 წლის მოჰანდესი ბრიტანეთში გაემგზავრა და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში მიიღო იურიდიული განათლება, 1891 წელს კი, ისევ სამშობლოში დაბრუნდა.
განდიმ, რომელიც ბავშვობიდან ინტერესდებოდა ინდოეთის ისტორიით და გულწრფელად უთანაგრძნობდა საკუთარ ხალხს, მათი ყოველდღიური ცხოვრების ახლოს გაცნობა გადაწყვიტა და ხანგრძლივ მოგზაურობაში ჩაება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ახალგაზრდა მოჰანდასი ინდოეთის თითქმის ყველა მსხვილ ქალაქს ესტუმრა და საკუთარი თვალით ნახა ის სიღატაკე, რომელშიც ინდოელები ცხოვრობდნენ და პრაქტიკულად ყოველდღე გადარჩენისთვის იბრძოდნენ.