არააქტიური კამპანიის ფონზე ნაკლებია დაფიქსირებული დარღვევების რაოდენობა, თუმცა ქართული არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს ტრადიციული გამოწვევები, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვრის წაშლა კვლავაც პრობლემად რჩება, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშშია აღნიშნული.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ კატეგორიის პრობლემას წარმოადგენდა საარჩევნო კამპანიის მიწურულს, ბათუმში, მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მიერ გავრცელებული ინფორმაცია საარჩევნოდ მოტივირებული არაერთი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამისა და პროექტის შესახებ. ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაფიქსირდა სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტები.