ფრანგული ავტომწარმოებელი Renault-ი გეგმავს გაყიდოს მისი წილი რუსულ საავტომობილო კომპანიაში АвтоВАЗ და მიყიდოს ის ადგილობრივ ინვესტორს. აღნიშნულის შემდეგ კი კომპანია შეძლებს სრულად დატოვოს რუსული ბაზარი - წერს Bloomberg-ი.
Renault-ს ეკუთვნის რუსული კომპანიის 68%, ხოლო დარჩენილი 32% ეკუთვნის სახელმწიფო კორპორაციას Ростех. როგორც სააგენტო წერს, ფრანგები უპირატესობას მიანიჭებენ წილის გადაცემას მეორე მესაკუთრისთვის, ვიდრე ახალი კომპანიისთვის მიყიდვას, ვინაიდან ამ გზით თავიდან აირიდებს იურიდიულ ვალდებულებებს. თუმცა Ростех-ისთვის წილის მიყიდვა ამ ეტაპზე ვერ გამოვა, ვინაიდან კომპანია სანქციების ქვეშაა.
Renault-ის წარმომადგენლების თქმით, ამ ეტაპზე ადრეა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ საუბარი, ვინაიდან რთულია ახალი აქციონერის მოძიება. სირთულეს წარმოადგენს ასევე კომპანიის მოსკოვის ქარხნის გაყიდვა, რომლის ერთადერთი მფლობელი თავადაა.