საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 21.8 მლრდ აშშ დოლარი ანუ 67.6 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 116.8 პროცენტია. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 775.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 901.3 მლნ აშშ დოლარით, სხვა ცვლილებების გამო კი - 74.5 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა; ხოლო საკურსო და ფასის ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად 167.7 და 32.3 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა.
ამასთან, სებ-ის ცნობით, სახელმწიფო საგარეო ვალმა 10.7 მლრდ აშშ დოლარი ანუ 33 მლრდ ლარი შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 57 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8 მლრდ აშშ დოლარი, ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 954.1 მლნ აშშ დოლარი, ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 503 მლნ აშშ დოლარი და 1.2 მლრდ აშშ დოლარი იყო.