რუსეთის აგრესიამ ვერ შეაჩერა საქართველოს ევროპისაკენ სვლა და ახლად შექმნილი „შესაძლებლობის ფანჯარა“ ევროკავშირის სწორი პასუხია ამ აგრესიაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ იეპე კოფოდთან შეხვედრისას განაცხადა.
საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, რეგიონში არსებულ ვითარებას, შავი ზღვის უსაფრთხოებას, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიენების პროცესს, ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და პატარა ქვეყნების ერთობის როლს გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად.
დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროინტეგრაციის მიმართ და განაცხადა, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა, რომლის ადგილიც ევროპულ ოჯახშია.