უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა დაიწყო. შეხვედრას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დოლმაბაჰჩეს სასახლეში მასპინძლობს.
დელეგაციის წევრები გრძელი მაგიდის ირგვლივ ერთმანეთის პირისპირ განთავსდნენ. მოლაპარაკებების პროცესის დაწყებამდე მათ პრეზიდენტმა ერდოღანმა სიტყვით მიმართა.
ერდოღანმა ღრმა მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ უკვე ომის მეხუთე კვირა დაიწყო და აღნიშნა, რომ თურქეთი, როგორც უკრაინისა და რუსეთის მეგობარი ქვეყანა, ვალდებულია მედიაციის პროცესი იკისროს.