2022 წლის თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა.
კერძოდ, ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 15,3%-დან 16,4%-მდე მოიმატა. ამავე მაჩვენებლების მიხედვით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ყველაზე მეტად იურიდიული პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ კრედიტებს შეეხო. 2021 წლის თებერვალში, იურიდიული პირების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 11,7%-ს, ხოლო 2022 წლის თებერვალში უკვე 13,3%-ს. ფიზიკური პირების შემთხვევაში კი საპროცენტო განაკვეთი მხოლოდ 18%-დან 18,5%-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს, აქ მინიმალური კლება ფიქსირდება. კერძოდ, სებ-ის სტატისტიკით, 2022 წლის თებერვალში უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 6,4%-ს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 6,5% იყო.
ამასთან, იურიდიული პირებისთვის განაკვეთი 6,7%-იან ნიშნულზე დარჩა, ფიზიკური პირების სესხებზე განაკვეთი კი 6,2%-დან 5,5%-მდე შემცირდა.