უკრაინის საჰაერო ძალებმა 27 მარტის დღის განმავლობაში გაანადგურეს რუსული ძალების 4 თვითმფრინავი, 1 ვერტმფრენი, 2 უპილოტო საფრენი აპარატი და 2 ფრთოსანი რაკეტა, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„27 მარტს დილით ხარკოვის ოლქში ჩამოაგდეს ერთი თვითმფრინავი, სავარაუდოდ სუ-34 გამანადგურებელი, ხოლო კიევის ოლქში ჩამოაგდეს ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი.
ვითარების გამწვავება 22:00 საათზე დაიწყო - საჰაერო იერიშის მაუწყებელი სირენების ხმა მთელი ქვეყნის მასშტაბით გაისმა.
რუსმა დამპყრობლებმა განახორციელეს მასიური საჰაერო იერიში კიევის ოლქის ჩრდილოეთით, სადაც მათ ერთდროულად დაკარგეს სამი თვითმფრინავი.
რუსები უკრაინის რამდენიმე ინფრასტრუქტურულ ობიექტს ფრთოსანი რაკეტებით დაესხნენ თავს, საჰაერო თავდაცვამ ორი მათგანი ჩამოაგდო,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე განმარტებით, რუსულმა ძალებმა გასული დღის განმავლობაში, საერთო ჯამში, 4 თვითმფრინავი, 1 ვერტმფრენი, 2 უპილოტო საფრენი აპარატი და 2 ფრთოსანი რაკეტა დაკარგეს.