უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა მარიუპოლიდან 2000 ბავშვი გაიყვანა.
ზელენსკიმ განმარტა, რომ მოქალაქეები ქალაქს ჰუმანიტარული დერეფნების მეშვეობით ტოვებენ, მაგრამ რუსეთმა ასევე „ორგანიზება გაუწია მარიუპოლის მაცხოვრებლების იძულებით გადაყვანას ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.
„ჩვენი მონაცემებით, 2 000-ზე მეტი ბავშვი იქნა გასახლებული. რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გაიტაცეს. რადგან ჩვენ არ ვიცით ამ ბავშვების ზუსტი ადგილსამყოფელი. არიან ბავშვები მშობლებთან ერთად და ასევე ისეთებიც, რომლებსაც არ ჰყავთ. ეს არის კატასტროფა, ეს საშინელებაა,” - ნათქვამია პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
უკრაინის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფაა.
„რეალობა ისაა, რომ ქალაქი რუსი სამხედროების მიერაა ბლოკირებული, მარიუპოლის ყველა შესასვლელი და გასასვლელი ჩაკეტილია, პორტი დანაღმულია. აშკარაა ჰუმანიტარული კატასტროფა ქალაქში, რადგან საკვების, მედიკამენტების და წყლის მიწოდება შეუძლებელია. რუსული ჯარები ბომბავენ ჰუმანიტარულ კოლონებს და კლავენ მძღოლებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.