პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ქართულ-რუსულ საექსპერტო წრეებს შორის შეხვედრა, რომელიც 24 მარტს მოსკოვში გაიხსნა, კერძო ინიციატივა იყო და მასში საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები არანაირი ფორმით არ მონაწილეობდნენ.
თუმცა, როგორც აბაშიძე აცხადებს, არსებულ ვითარებაში, მსგავსი ვიზიტი არ იყო მიზანშეწონილი და მართებული.
ფაქტს გამოეხმაურნენ როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციურ წრეებში. მმართვლი გუნდის წევრების განცხადებით, რუსეთში დიასპორის მიერ გამართულ შეკრებებთან და კარასინის განცხადებასთან საქართველოს ხელისუფლებას არანაირი კავშირი არა აქვს და ეს განცხადებები რადიკალური ოპოზიციის მხრდიან დესტაბილიზაციის გამოწვევას ემსახურება. რაც შეეხება ხელისუფლების ოპონენტების პოზიციას, მათი შეფასებით, რუსულ მხარესთან კომუნიკაცია სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელია.
ცნობისათვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 24 მარტს მოსკოვში ქართულ-რუსული საექსპერტო შეხვედრა გაიხსნა. მასში მონაწილეობა ორივე მხრიდან დაახლოებით 40-მა ექსპერტმა, პოლიტოლოგმა და მეცნიერმა მიიღო, მონაწილეებს შეხვდა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი. როგორც კარასინმა განაცხადა, რუსეთს დასავლეთის მიერ მიღებული სანქციების მიმართ საქართველოს რეაქცია „შეუმჩნეველი არ დარჩენია". როგორც მან აღნიშნა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს ნათელი მომავალი აქვს ".