აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უპასუხებს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოიყენებს მასობრივი განადგურების იარაღს, მაგრამ პასუხი იქნება დამოკიდებული სიტუაციაზე.
Associated Press-ის კითხვაზე, შეგროვებულია თუ არა კონკრეტული დაზვერვის ინფორმაცია, რომლითაც ივარაუდებენ, რომ პრეზიდენტი პუტინი ამ იარაღის გამოყენებას განიხილავს და უპასუხებენ თუ არა აშშ ან ნატო სამხედრო მოქმედებით, თუ ის ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, ბაიდენმა უპასუხა, რომ მას არ შეეძლო ინფორმაციის მიწოდება დაზვერვის შესახებ, მაგრამ ქიმიური იარაღის საკითხზე დაამატა:
"ჩვენ ვუპასუხებთ, თუ ის გამოიყენებს მას. პასუხის ხასიათი დამოკიდებული იქნება გამოყენების ხასიათზე".
შეგახსენებთ, დღეს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი გააძლიერებს თავის ქიმიურ, ბიოლოგიურ და ბირთვულ თავდაცვის სისტემებს.