საქართველოს ექსპორტის 11,6% რუსეთზე მოდის, 3,7% კი უკრაინაზე - ეს არის 2022 წლის მხოლოდ ერთი თვის, თებერვლის მონაცემები. ამასთან, გასულ თვეს მთლიან იმპორტში რუსეთის წილმა 9,6% შეადგინა, 3,5% კი უკრაინის წილი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბაზარი არასტაბილურია და ამაზე წარსული გამოცდილებაც საკმაოდ გვაქვს (დაწყებული 2006 წლის ემბარგოსი), ის მაინც რჩება საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად. რაც შეეხება უკრაინას, სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ წლების განმავლობაში საქართველო-უკრაინას შორის სავაჭრო ურთიერთობები სულ უფრო იზრდება.
ომის დაწყების თვეს ანუ თებერვალში საქართველომ უკრაინაში 15,952 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქტი გაყიდა, იქ კი 35,037 მლნ დოლარის ღირებულების შეიძინა. ამავე თვეს, საქართველოში რუსეთიდან 95,818 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, საქართველოდან ექსპორტმა კი 50,194 მლნ დოლარი შეადგინა.
იმ ტოპ 10 პროდუქტს შორის, რომელიც 2022 წლის თებერვალში საქართველომ უკრაინაში გაიტანა ექსპორტზე, ხვდება: სასუქები, მსუბუქი ავტომობილები, ეთილის სპირტი არადენატურირებული, მინერალური და მტკნარი წყლები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, ორთოპედიული სამარჯვები; წყლები შაქრის დანამატების შემცველობით, ნაყოფები და ბოსტნეული ახალი ან შეყინული.
რაც შეეხება რუსეთს, ექსპორტირებული პროდუქტების ათეულში ხვდება: ფეროშენადნობები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, მინერალური და მტკნარი წყლები ეთილის სპირტი არადენატურირებული, სიგარები და სიგარეტები წყლები შაქრის დანამატების შემცველობით, სპილენძის ნარჩენები და ჯართი, მსუბუქი ავტომობილები, ციტრუსების ნაყოფი და ელექტრული წყალგამახურებლები.