„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა ერთობლივ განცხადებაში ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით რუსეთი გააფრთხილეს. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
„ჩვენ ვაფრთხილებთ ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღის, ან მათთან დაკავშირებული მასალების გამოყენებასთან დაკავშირებით“, - განაცხადეს ლიდერებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მათვე დაგმეს რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობა, რომლის თანახმადაც, უკრაინა ემზადებოდა ქიმიური ან ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის.
„ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულიად უსაფუძვლო დეზინფორმაციულ კამპანიას, ქვეყნისადმი, რომელიც სრულად იცავს საერთაშორისო შეთანხმებებს გაუვრცელებლობის შესახებ. ჩვენ შეშფოთებას გამოვხატავთ სხვა ქვეყნებისა და სუბიექტების მიმართ, რომლებმაც გააძლიერეს რუსეთის დეზინფორმაციული კამპანია“, - წერენ „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების ლიდერები.
ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ განაგრძობენ „მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის სხვა მთავრობების ჩასართავად შემაკავებელი ზომების გამოსაყენებლად, რომლებიც ანალოგიურია იმ სანქციებისა, რომლებიც უკვე შემოღებულია „დიდი შვიდეულის“ წევრების მიერ“.
„დიდი შვიდეული“ აცხადებს: „ჩვენ შეშფოთებული ვართ ესკალაციითა და რუსი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიების გაძლიერებით, რუსეთის ხელისუფლების სულ უფრო მეტად მტრული რიტორიკით, მათ შორის, რიგითი მოქალაქეების მისამართით“.
ქვეყნებმა განაცხადეს, რომ „საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მრავალმხრივმა ფორუმებმა აღარ უნდა აწარმოონ საქმიანობა რუსეთთან ჩვეულებრივ რეჟიმში“.