უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა , - აღნიშნულ ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, ფაქტობრივი რიცხვები გაცილებით უფრო მაღალია.
„სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის უმეტესი ნაწილი გამოწვეულია ფართო არეალის მქონე ასაფეთქებელი იარაღის გამოყენების შედეგად, მათ შორის მძიმე საარტილერიო და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების დაბომბვით, სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
გაეროს ინფორმაციით, ამ წუთისთვის არსებული დადასტურებულად ცნობილი 1035 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქიდან 214 მამაკაცია, 160 ქალი, 14 გოგონა და 28 ბიჭია. ასევე 48 ბავშვისა და 571 ზრდასრულის სქესი ამ დროისთვის უცნობია.
გაეროს ინფორმაციით, ასევე დადასტურებულად ცნობილია, რომ რუსეთის შეჭრის შედეგად, სულ მცირე 1650 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.