გაზის მწარმოებელი რუსული კომპანია Novatek-ის დირექტორთა საბჭო პუტინის დიდი ხნის მოკავშირე გენადი ტიმჩენკომ დატოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ტიმჩენკო, რომელიც Novatek-ის დირექტორთა საბჭოში 2009 წლიდან შედიოდა, სანქცირებულ პირთა სიაშია. Novatek-ი რუსეთის ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანიაში ტიმჩენკოს გადადგომის მიზეზს არ ასახელებენ.
გასულ თვეს ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა ტიმჩენკოსა და პუტინთან დაახლოებულ სხვა მილიარდერებს სანქციები დაუწესა, ხოლო შეერთებული შტატების სანქციების სიაში ის, მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის გამო, 2014 წლიდან შედის.
Forbes-ის გასული წლის რეიტინგით, გენადი ტიმჩენკო რუსეთის მეექვსე უმდიდრესი მილიარდერია, ვისი ქონებაც 22 მლრდ დოლარს შეადგენს.