შეერთებულმა შტატებმა თურქეთთან არაოფიციალურად წამოჭრა უკრაინაში რუსული წარმოების S-400 სარაკეტო თავდაცვის სისტემების გაგზავნის შესაძლებლობა, - ინფორმაციას Reuters-ი სამ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ეს წინადადება გასული თვის განმავლობაში თავიანთ თურქ კოლეგებთან გააჟღერეს, მაგრამ არანაირი კონკრეტული ან ოფიციალური მოთხოვნა არ გაუკეთებიათ. ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინისთვის S-400-ების გადაცემის შესაძლებლობა წამოიჭრა თურქეთში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ვენდი შერმანის მიმდინარე თვეში განხორციელებული ვიზიტის დროს.
იდეა, რომელსაც ანალიტიკოსების შეფასებით, თურქეთის ხელისუფლება აუცილებლად უარყოფდა, შერმანსა და მის თურქ კოლეგებს შორის ფართო დისკუსიის ნაწილი იყო, რომლებიც განიხილავდნენ, როგორ შეუძლიათ აშშ-სა და მის მოკავშირეებს გააკეთონ მეტი უკრაინის მხარდასაჭერად და ორმხრივი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
შეგახსენებთ, ანკარას მიერ რუსეთისგან S-400 ტიპის სარაკეტო სისტემების შეძენა აშშ-სა და თურქეთს შორის უთანხმოების მიზეზი გახდა მას შემდეგ, რაც თურქეთმა რუსული წარმოების საჰაერო თავდაცვის კომპლექსების პირველი პარტია 2019 წლის ივნისში მიიღო. საპასუხოდ, აშშ-მა თურქეთის თავდაცვით მრეწველობას სანქციები დაუწესა და ანკარა F-35 -ის ტიპის გამანადგურებლების პროგრამიდან გარიცხა.