საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო და კერძო სკოლებში ინტენსიურ რეჟიმში უზრუნველყოფს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული სასკოლო ასაკის ბავშვების გამარტივებული წესით ჩარიცხვას. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სკოლებში ჩარიცხვის სურვილი სხვადასხვა ასაკის 72 მოსწავლის მშობელმა გამოთქვა, მათგან 38 უკვე ჩარიცხულია. სკოლებში გამარტივებული წესით ჩარიცხვის პარალელურად, როგორც ცნობილია უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას უწევენ. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთანავე, მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრს დღის განმავლობაში ათობით დაინტერესებულმა პირმა უკვე მიმართა. ყველა შესაბამისი რგოლის ჩართულობითა და კოორდინაციით, სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თითოეული ბავშვისთვის სწავლაზე ხელმისაწვდომობა. მოსწავლეთა ჩარიცხვა შესაძლებელია იმ კლასში, რომელშიც უკრაინის სკოლებში ისინი 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით სწავლობდნენ.