ე.წ. კადიროველები, ჩეჩნეთის ხალხის ეს მოღალატეები, არ იბრძვიან უკრაინაში. ისინი, როგორც სტალინის დროს იყო, ხოცავენ იმ გამოუცდელ რუს ჯარისკაცებს, რომლებიც ბრძოლის ველზე უკან იხევენ - აი, რითი არიან დაკავებულები კადიროველები. ისინი ლაჩრები და მატყუარები არიან, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ივან კრულკომ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთმა ომში გადმოისროლა გამოუცდელი ჯარისკაცები, აბსოლუტურად მოუმზადებელი ახალგაზრდები, რომლებიც „ტირიან ტელეფონებში თავიანთ დედებთან“.
„მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე აქვს ძალიან დიდი დანაკარგები. ყოველ დღე ისინი განიცდიან ცოცხალი ძალის დანაკარგსაც და მორგები ბელარუსში გადავსებულია რუსი ჯარისკაცების ცხედრებით, რომლებიც მათ გაიტანეს უკრაინის ტერიტორიიდან, მაგრამ ბევრი ცხედარი არც გააქვთ და ტოვებენ ბრძოლის ველზე. უფრო მეტიც, მინდა გითხრათ, რომ მონაცემების მიხედვით, რომლებიც ჩვენ გვაქვს, ე.წ. კადიროველები, ჩეჩნეთის ხალხის ეს მოღალატეები, არ იბრძვიან უკრაინაში. ისინი, როგორც სტალინის დროს იყო, ხოცავენ იმ გამოუცდელ ჯარისკაცებს, რომლებიც ბრძოლის ველზე უკან იხევენ - აი, რითი არიან დაკავებულები კადიროველები. ისინი ლაჩრები და მატყუარები არიან. განცხადებებიც კი, რომელსაც აკეთებდა კადიროვი, თითქოს, ის იმყოფებოდა უკრაინის ტერიტორიაზე, ჟურნალისტური გამოძიებით უკვე დადასტურდა, რომ ტყუილია და ის უკრაინაში არ ყოფილა, იყო ბელარუსის ტერიტორიაზე, მთელ მსოფლიოს კი ატყუებდა თითქოს უკრაინის ტერიტორიაზე შემოვიდა. მას ეშინია შემოსვლის, რადგან ისევე იქნება განადგურებული, როგორც ყველა ის დამპყრობელი, რომელიც ჩვენს მიწაზე მოვიდა.
რუსეთმა ომში გადმოისროლა გამოუცდელი ჯარისკაცები, აბსოლუტურად მოუმზადებელი ახალგაზრდები, რომლებიც ტირიან ტელეფონებში თავის დედებთან, რომ მათ აქ კლავენ, ეს ჩვენ ვიცით ათობით და ასობით მოსმენილი საუბრიდან. რუსეთმა კბილები მოიმტვრია და ახლა ნამდვილად არის შესაძლებლობა, ყველაფერი თავის ადგილზე დავაყენოთ. ასე დაემთხვა და, ალბათ, სამწუხაროდ, მოუწია უკრაინას, რადგან არ შემიძლია შევურიგდე იმას, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე, ქალი და ბავშვი იყო განგებ მოკლული უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომში, მაგრამ ჩვენი ისტორიული მისია ახლა არის, რომ შევაჩეროთ რუსეთი და აღვადგინოთ ევროპის უსაფრთხოება. რუსეთი ბოლომდე წავა, ის ახლა დაჭრილი ცხოველივითაა და ამიტომ, ეს დაჭრილი ცხოველი ბოლომდე უნდა გავანადგუროთ, დავაყენოთ თავის ადგილას, შევცვალოთ პუტინის რეჟიმი და დავამყაროთ ნორმალური მეზობლური ურთიერთობა,“- განაცხადა დეპუტატმა.
გარდა ამისა, ივან კრულკომ ინტერვიუში საერთაშორისო ორგანიზაციებზე, მათ შორის ნატოზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მომავალში ალიანსი აღარ იქნება ისეთი ორგანიზაცია, როგორსაც ჩვენ მას ვიცნობთ და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ბევრი მსოფლიო ინსტიტუტი განიცდის სერიოზულ ცვლილებას.
„ნამდვილად, ახლა უკრაინა ნატოს წევრი რომ იყოს, რუსეთის არანაირი ომი უკრაინის წინააღმდეგ არ იქნებოდა. ეს უნდა გვესმოდეს, მაგრამ ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ ეს საკითხი დაბლოკა, ზოგ შემთხვევაში რუსეთის გავლენის გამო, რუსეთთან წარმოებული ბიზნესის გამო, ენერგორესურსების გამო, რომლებსაც ყიდულობდნენ რუსეთისგან და უარი უთხრეს უკრაინას, ჯერ მისთვის მაპი მიეცათ, შემდეგ კი სრულფასოვანი წევრობა. ამან, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანა უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. იქნება თუ არა ნატო მომავალშიც ის ორგანიზაცია, როგორსაც ჩვენ მას ვიცნობთ?! არა, არ იქნება და მე ვფიქრობ, რომ ამ ომის შემდეგ ბევრი მსოფლიო ინსტიტუტი განიცდის სერიოზულ ცვლილებას. ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ, რა მოუვიდა ერთა ლიგას, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უკვე სხვა ორგანიზაცია იყო გაეროს სახით. ასევე, მოხდება სხვა ინსტიტუციების შემთხვევაშიც. არ შემიძლია გითხრათ, შეძლეს თუ არა უკრაინა ნატოში შესვლას, ეს რიტორიკული კითხვაა, რადგან ჯერ ნატო არ გვეპატიჟება და სიგნალები, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ, საწინააღმდეგოზე მეტყველებს, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინა ამ ომის შემდეგ იქნება სასურველი პარტნიორი სხვადასხვა ალიანსში უსაფრთხოების მიმართულებით, ევროპასა და მსოფლიოში“,- განაცხადა კრულკომ.