„ქართული ოცნების“ უზნეობის კიდევ ერთი მკაფიო გამოვლინებაა მათი წამყვანი სპიკერების განცხადებები, რომ თურმე „ლელოს“ ინიციატივა იმის თაობაზე, რომ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკიმ საქართველოს პარლამენტს მიმართოს, არის ქვეყანაში სიტუაციის არევის მცდელობა,- ამის შესახებ „ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, პარლამენტში ვლადიმერ ზელენსკის მიმართვაზე „ქართული ოცნების“ „ისტერიული რეაქცია“ გასაკვირი არაა.
„ეს უზნეო პოლიტიკური ძალა ამას ამბობს იმ პრეზიდენტის მიმართვის ინიციატივაზე, რომელიც მშვიდობის ნობელის პრემიაზე იქნა ახლახან წარდგენილი და რომლის მიმართვას ფეხზე დამდგარი ტაშს უკრავდა აშშ-ის სენატი და კონგრესი, გერმანიის ბუნდესტაგი, კანადის პარლამენტი და ა.შ. თუმცა „ლელოს" ამ ინიციატივაზე მმართველი ძალის ისტერიული რეაქცია არ არის გასაკვირი რადგან, პრეზიდენტი ზელენსკი თავისუფლების მოყვარე ხალხისთვის მართლაც გახდა გმირობის და თავგანწირვის სიმბოლო და ეს ის თვისებებია, რომლებიც სრულიად უცხოა „ქართული ოცნებისთვის“,- წერს ბადრი ჯაფარიძე.