2022 წლის 1-ელ იანვრამდე საქართველოში შემოსული 2-დან 6 წლამდე ასაკის უკრაინელი ბავშვები, საჯარო ბაგა-ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცის და ბინადრობის ნებართვის გარეშე ჩაირიცხებიან.
აღნიშნულთან დაკავშირებით დედაქალაქის საკრებულო დღეს, სხდომაზე იმსჯელებს.
საკითხს თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე მხარი უკვე დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კერძოდ, ცვლილების მიხედვით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, 2022 წლის 01 იანვრამდე საქართველოში შემოსული 2-დან 6 წლამდე ასაკის უკრაინის მოქალაქეები, დროებითი ცხოვრების უფლების, ბინადრობის ნებართვის ან/და ბინადრობის უფლების მაძიებლის სტატუსის ქონის შემთხვევაში სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში რეგისტრაციას ელექტრონული ფორმის შევსების გარეშე დაექვემდებარებიან.
კომისიის თავმჯდომარის, კახა ლაბუჩიძის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილება საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეების კეთილდღეობასა და მხარდაჭერაზეა ორიენტირებული.
„განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი საკითხი ის პოზიტიური ცვლილებაა, რაშიც აბსოლუტური ერთობა გვაქვს. ასეთ დროს სოლიდარობა აუცილებელია. წარმოდგენილი ცვლილება საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეების კეთილდღეობასა და მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. რუსეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის განგრძობადი ოკუპაციის და სამხედრო აგრესიის პირობებში, სოლიდარობის მნიშვნელობა და საჭიროება დიდია, სწორედ ამიტომ, მსგავს საკითხებზე რეაგირებას მყისიერად ვახდენთ და უკრაინის მოქალაქეებს, ყველაზე მძიმე ცხოვრებისეულ პერიოდში, ვთავაზობთ ყველანაირ პირობას მუნიციპალურ სერვისებზე თავისუფალი და უფასო წვდომისთვის“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
უკრაინაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, დროებითი ცხოვრების უფლების, ბინადრობის ნებართვის ან/და ბინადრობის უფლების მაძიებლის სტატუსის ქონის შემთხვევაში სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში რეგისტრაციას ელექტრონული ფორმის შევსების გარეშე დაექვემდებარებიან.
სხდომას „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ დირექტორი კახაბერ გვანცელაძე და დირექტორის მოადგილე ირაკლი თურმანიძე ესწრებოდა.