უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ გაავრცელა ვიდეო, სადაც, მისი განმარტებით, ასახულია კიევის მიმართულებით რუსეთის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 35-ე არმიის სამეთაურო პუნქტისა და დამხმარე პუნქტის განადგურება.
„კიევის მიმართულებით ჩვენმა არტილერისტებმა რუსეთის ფედერაციის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 35-ე არმიის სამეთაურო პუნქტისთვის მოაწყვეს გზატკეცილი ჯოჯოხეთისკენ“, - აღნიშნა ზალუჟნიმ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 16 მარტამდე პერიოდში რუსული ძალების საბრძოლო დანაკარგები დაახლოებით ასეთია: 13 800-მდე სამხედრო, 430 ერთეული ტანკი, 1375 ერთეული ჯავშანტექნიკა, 19 ერთეული საარტილერიო სისტემა, 84 ერთეული თვითმფრინავი, 108 - ვერტმფრენი, 819 ერთეული სატრანსპორტო საშუალებები, გემები/ნავები - 3 ერთეული, უპილოტო საფრენი აპარატები - 11, სპეცტექნიკა - 10 ერთეული.