უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, პუტინის რუსეთს ბრძოლა პრაქტიკულად არ შეუძლია და მათ მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა შეუძლიათ.
„ქვეყნის გმირობის მე-20 დღე. ომის მე-20 დღე - ეს ბევრია იმისთვის, რომ ყველას დავუმტკიცოთ, ჩვენ უძლეველები ვართ. ცვლილებები არ გვაქვს. ჩვენ ბრძოლა ვიცით და ეს უკვე ყველას ესმის. არ იცვლება ის, რომ ჩვენი პარტნიორები ჯერ კიდევ გაკვირვებით უყურებენ ამ ყველაფერს და ჯერ კიდევ თავიანთთვის წყვეტენ მზად არიან თუ არა აიღონ ისეთი პასუხისმგებლობა, როგორსაც უკრაინა იღებს. არ იცვლება ის ფაქტი, რომ რუსეთის არმიამ პრაქტიკულად არ იცის ბრძოლა, მან იცის მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა", - განაცხადა პოდოლიაკმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს აწარმოებს და შედეგსაც მიიღებს.
„მტერს ყველა მიმართულებით ვაკავებთ. ისინი ჩვენს გატეხას შეეცდებიან, მაგრამ ეს შეუძლებელია. თქვენ ეს უკვე გაიაზრეთ, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ უკრაინა და ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, -აღნიშნა პოდოლიაკმა.