პარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ინიცირებული რეზოლუციის პროექტის განხილვას იწყებს. რეზოლუციის პროექტს დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი წარადგენს.
13-პუნქტისგან შემდგარ პროექტში გამოხატულია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის ინსტიტუტებისადმი პარლამენტის მოწოდება, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.
რეზოლუციის პროექტში ხაზგასმულია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის მამოძრავებელი ძალა და საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია.
დოკუმენტი მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მიზნით, საქართველოს სათანადოდ მოსამზადებლად ევროკავშირის წევრობისთვის.