მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინა - მოლდოვის საზღვარზე, საგუშაგოს ეწვია, რათა საზღვრის კვეთის მდგომარეობა, რიგები და ჰუმანიტარული საქონლის რეგისტრაციის პროცედურა განეხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
,,ჩვენი ძალა მხარდაჭერასა და ერთიანობაშია: მადლობას ვუხდით მოლდოვას დახმარებისთვის! მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე, პალანკა-უდობნე-მაიაკის საგუშაგოს ეწვია", - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევაკუაციის მიზნით, მოლდოვისკენ მიმავალ უკრაინელებს.
ამასთან, როგორც უკრაინული მედია იუწყება, სანდუმ გამოხატა თავისი ღრმა მხარდაჭერა და სრული დახმარება უკრაინის მიმართ. იგი ასევე გაესაუბრა მოხალისეებს, რომლებიც ეხმარებიან ლტოლვილებს, და მადლობა გადაუხადა მათ უკრაინის მოქალაქეების დახმარებისთვის