რუსული ძალები უკრაინის წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერებს იტაცებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
„11 მარტიდან რუსული ჯარები იყენებენ მხოლოდ ტერორისტებისთვის დამახასიათებელ ტაქტიკას: ისინი იტაცებენ უკრაინის წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ამ დროის განმავლობაში გატაცებულები არიან ქალაქ დნეპროუდნოეს მერი ევგენია მატვეევა, ქალაქ მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი, მელიტოპოლის რაიონის საბჭოს თავმჯდომარე, სერგეი პრიმა, ქალაქში პრო-უკრაინული მიტინგების თანაორგანიზატორი ოლგა გაიმუსოვა და ზაპოროჟიეს საოლქო საბჭოს დეპუტატი ლეილა იბრაგიმოვა.
დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრში აცხადებენ, რომ რუსეთის შემდგომი ნაბიჯი არის „ვაკანტურ“ ადგილებზე თავისი მარიონეტების დანიშვნა.