თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს - მათ წინააღმდეგ ამოქმედდება ისეთი სანქციები, რომლებიც მათ ორ დღეში გატეხავს. ამის შემდეგ, ვფიქრობ, პუტინი სიცოცხლეს კეფაში ტყვიით დაასრულებს თანაც თავისივე იარაღიდან,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
როგორც არესტოვიჩმა აღნიშნა, რუსეთი ვერ შეძლებს ბირთვული იარაღის გამოყენებას, რადგან ასეთ შემთხვევაში არა მხოლოდ უკრაინა, არამედ ბელარუსისა და ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი მრავალი წლის განმავლობაში საცხოვრებლად გამოუსადეგარი იქნება.
„ბირთვულ შანტაჟზე ფაქტობრივად, მეორე დღეს წავიდნენ. მაგრამ მოდით ვნახოთ- პირველი, ბირთვული იარაღის გამოყენების გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია მინიმუმ 7 ადამიანზე: პუტინიდან დაწყებული ოფიცერით დასრულებული, რომელმაც გასაღები უნდა გადაატრიალოს. არამგონია ამ ჯაჭვმა იმუშაოს. მეორე, უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყნების შემთხვევაში - ასევე ბელარუსის დიდი ტერიტორია და ევროპის დიდი ნაწილი მრავალი წლის განმავლობაში საცხოვრებლად უვარგისი გახდება“, - განაცხადა არესტოვიჩმა.