AliExpress და WeChat აშშ-ს მთავრობის შავ სიაში მოხვდნენ - Palitra News

AliExpress და WeChat აშშ-ს მთავრობის შავ სიაში მოხვდნენ

2022-02-23 08:26:58+04:00

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ AliExpress-ი და WeChat-ი ყალბი საქონლის გაყიდვისა და მისი რეალიზაციის გამარტივებისთვის, ასევე, საავტორო უფლებების მეკობრეობის ხელშეწყობისთვის რესურსების შავ სიაში შეიყვანა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს. AliExpress და WeChat ჩინური კომპანიების, Alibaba Group-ისა და Tencent-ის პლატფორმებია.

შტატების სავაჭრო წარმომადგენლობის (USTR) მონაცემებით, AliExpress-ის ვებგვერდზე ყალბ საქონელს მნიშვნელოვანი წილი უკავია. ასევე, ვებგვერდზე დევს ყალბი საქონლის რეკლამები, რაც ორიგინალურ პროდუქციად არის რეკლამირებული. შტატების სავაჭრო წარმომადგენლობამ კომპანია Tencent-ის სერვისი WeChat-იც ყალბი საქონლის ერთ-ერთ უდიდეს პლატფორმად გამოაცხადა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა საპასუხო განცხადებაში ამ გადაწყვეტილებას „პოლიტიზებული ნაბიჯი“ უწოდა. მისი თქმით, ჩინეთი ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის საკითხებს. საგარეო უწყების წარმომადგენელი ამბობს, რომ ჩინეთი შტატებისგან „ვაჭრობისა და ეკონომიკური საკითხების პოლიტიზების" შეწყვეტას დაჟინებით მოითხოვს.