უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საელჩოების თანამშრომლების ნაწილისა და მათი ოჯახების წევრების ევაკუაციის გეგმის ან მათთვის უკრაინის ტერიტორიის ნებაყოფლობით დატოვების ნებართვის შესახებ უწყებას მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ აცნობა.
„24 იანვრის მდგომარეობით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ნაწილისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციის გეგმის ან მათთვის უკრაინის ტერიტორიის ნებაყოფლობით დატოვების ნებართვის შესახებ მხოლოდ ოთხმა სახელმწიფომ აცნობა: აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და გერმანიამ“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, დანარჩენი ქვეყნები, ევროკავშირი, ეუთო, ევროპის საბჭო, გაერო, ნატო და სხვა საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლობები მოცემულ ეტაპზე პერსონალის შემცირებას ან ევაკუაციის განხორციელებას არ გეგმავენ.
„მნიშვნელოვანია, რომ ასეთ პოზიციას იზიარებენ ის ქვეყნებიც, რომელთა დიპლომატიური მისიები განლაგებულია ჩვენი სახელმწიფოს რეგიონებში, რომლებიც რუსეთის ფედერაციას ესაზღვრება“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.