„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, პარტიაში ახალი სტრუქტურული ერთეულების შექმნა-გაძლიერება მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, პარტიაში ახალი სამდივნო შეიქმნება. როგორც პარტიის წევრმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა, პარტიული სტრუქტურა ძლიერდება, აღმასრულებელი რგოლი უფრო მეტად დაკომპლექტებული და ჩამოყალიბებული იქნება იმისთვის, რომ ახალი გამოწვევებისთვის იყოს მზად. „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, პარტიის ცენტრალური ოფისის მენეჯმენტში ცვლილებები იქნება. როგორც მან განაცხადა, გამოწვევების გადალახვასთან დაკავშირებით გუნდის წევრებთან და მხარდამჭერებთან კონსულტაციებს მართავენ. მისივე განმარტებით, ცენტრალური ოფისის მენეჯმეტის ცვლილებებთან დაკავშირებით ფორმალური პრეზენტაცია სავარაუდოდ, ორშაბათს გაიმართება. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში მუშაობის გაგრძელებას, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, სამომავლოდ ამ საკითხზეც იმსჯელებენ.