აზერბაიჯანში მოქმედმა თითოეულმა სასტუმრომ ვარსკვლავების კატეგორია მუშაობის დაწყებიდან ექვს თვეში უნდა მიიღოს. ამას ტურიზმის შესახებ მიღებული ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში პირველი მოსმენით მიიღეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო Trend-ი ავრცელებს.
კანონპროექტის მიხედვით, სასტუმროებს ვარსკვლავურ კატეგორიას აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განსაზღვრული დაწესებულება, შეფასების კრიტერიუმების მიხედვით მიანიჭებს.
ცვლილებების მიხედვით, თუ სასტუმროები ვარსკვლავების კატეგორიის დადგენის გარეშე იმუშავებენ, 2000-დან 5000 მანათამდე (1 177-დან 2 942 დოლარამდე) დაჯარიმდებიან. ამასთან, ახალი კანონით, ტურისტულ რეესტრში ინფორმაციის დროულად შეტანა-განახლების პუნქტების დარღვევა ჯარიმას 300 მანათის (177 დოლარის) ოდენობით ითვალისწინებს. სასტუმროში განსახლების სერვისით მოსარგებლე პირთა ელექტრონული რეგისტრაციის არარსებობისთვის კი ჯარიმა 200 მანათის (118 დოლარის) ოდენობით არის გათვალისწინებული.
გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, ტუროპერატორის ან ტურისტული აგენტის მიერ დაზღვევის ხელშეკრულების გარეშე ტურისტული პაკეტის გაყიდვის გამო, ფიზიკური პირები 1000 მანათის (589 დოლარის) იურიდიული პირები კი 2000 მანათის (1 177 დოლარის) ოდენობით დაჯარიმდებიან.