საცხებ-საპოხი მასალების ყველაზე დიდი მომწოდებელი კვლავინდებურად ირანია - ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2021 წლის იანვარ-ნოემბრის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 17,12 ათასი ტონა შეადგინა, რაც ფაქტობრივად, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს უტოლდება.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის შეფასებით, საყურადღებოა რომ ბენზინისა და დიზელის იმპორტის ზრდის პარალელურად არ ხდება საცხებ-საპოხი მასალების მატება. მათი ცნობით, ასევე ყურადსაღებია, რომ მიმდინარე წელს საცხებ-საპოხი მასალების ყველაზე დიდი მომწოდებელი კვლავ ირანის ისლამური რესპუბლიკა გახდა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ საავტომობილო ზეთების ბაზარზე კვლავინდებურად დიდი მოცულობით იქნება წარმოდგენილი უხარისხო, არასტანდარტული პროდუქტი, რომელიც ასევე აქტიურად გამოიყენება საავტომობილო ზეთების ცნობილი ბრენდების გასაყალბებლად.