დევიდ ფინჩერის ფსიქოლოგიური ტრილერი "შვიდი", რომელიც ნეო-ნუარის საეტაპო ფილმად და 1990-იანი წლების ამერიკული კინოს ნამდვილ შედევრად იქცა, ხანდაზმული დეტექტივის და მისი ახალგაზრდა მეწყვილეს შვიდდღიან ისტორიას მოუთხრობს მაყურებელს, რომლებიც იძულებით ებმებიან სამყაროს განწმენდის იდეით შეპყრობილი მანიაკის ცინიკურ თამაშში და მისსავე წესებს დამორჩილებული ცდილობენ საზარელი მკვლელობის სერიის გამოძიებას.
პროდიუსერების პესიმიზმის მიუხედავად, რომელთაც ზედმეტად პირქუშად მოეჩვენათ ფილმი და მისი ფინალის შეცვლა მოინდომეს, "შვიდი" მაინც მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე ჩაეშვა გაქირავებაში და პუბლიკის მოწონებასთან ერთად კრიტიკოსების დადებითი შეფასებაც დაიმსახურა, რომელთაც ერთხმად აღნიშნეს შემოქმედებითი ჯგუფის ბრწყინვალე ნამუშევარი, მსახიობების შთამბეჭდავი თამაში და ორიგინალური მუსიკალური გაფორმება.
ენდრიუ კევინ უოკერი თითქმის ორი წელი მუშაობდა სცენარზე, რომელსაც თავად „ნიუ-იორკისადმი მიძღვნილი ცინიკური წერილი“ უწოდა. მანიაკზე ისტორიის შექმნის იდეა, რომელიც შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის მიხედვით ირჩევს მსხვერპლს, სცენარისტს პენსილვანიის პროვინციული ქალაქიდან მსოფლიო მეგაპოლისში გადაბარგების შემდეგ გაუჩნდა, როცა ნიუ-იორკმა ოცნებების ასრულების ნაცვლად იმედი გაუცრუა და მოჩვენებითი ბრწყინვალების მიღმა მხოლოდ ცოდვით დამძიმებული ქალაქი დაინახა.