მართვის მოწმობის ახალი კატეგორია "AM" - რა ეღირება ახალი კატეგორიის მართვის მოწმობა - Palitra News

მართვის მოწმობის ახალი კატეგორია "AM" - რა ეღირება ახალი კატეგორიის მართვის მოწმობა

2021-11-25 10:14:39+04:00

"საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, დადგინდა მართვის მოწმობის ახალი კატეგორია "AM". ახალი კატეგორია მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს აერთიანებს.

საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლების მქონე პირს, უფლება ექნება მართოს „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება. მათივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუკი დაინტერესებულ პირს სურს „AM” კატეგორიის მართვის მოწმობის მოპოვება, მას მოუწევს მხოლოდ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარება.

თეორიულ გამოცდაზე პირველადი გასვლა უფასო იქნება.

„AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებისთვის მინიმალური ასაკობრივი ზღვარი განისაზღვრება 16 წლიდან.

აქამდე მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მოპედი არ წარმოადგენდა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას. ახალი კანონის თანახმად, რაც დირექტივის შესაბამისად, ახალი სატრანსპორტო საშულებათა კატეგორიის/ქვეკატეგორიის კანონმდებლობაში გათვალისწინებას გულისხმობს, მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი ექცევა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეფინიციაში. ისინი დაექვემდებარებიან კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციას, ამასთან, მის სამართავად მძღოლს დასჭირდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება (AM კატეგორია).

დაურეგისტირებელი მოპედებით ქუჩაში გადაადგილება 2022 წლის 28 მარტიდან აიკრძალება