სამხრეთ-კორეული კომპანია Samsung Electronics-ი აპირებს ააშენოს მიკროსქემების მწარმოებელი ქარხანა ქალაქ ტეილორში, რომელიც ტექსასის შტატში მდებარეობს. The Wall Street Journal-ის ცნობით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 17 მილიარდი დოლარია.
ინიციატივის ფარგლებში Samsung-ი დამატებით 1,8 ათას ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, თუმცა, მიკროსქემების წარმოება მხოლოდ 2024 წლიდან დაიწყება. ამის შესახებ კომპანიის მიერ ტექსასის ხელისუფლებისთვის წარდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა.
ცნობისთვის, Samsung-მა მანამდე გამოაცხადა, რომ აპირებდა 205 მლრდ დოლარის ინვესტიციების ჩადებას მომდევნო 3 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით, თან ისე, რომ თავად მიკროსქემების წარმოება გამოყოს ცალკე მიმართულებად. როგორც ცნობილია, მიკროსქემების გლობალურმა დეფიციტმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა როგორც ელექტრონიკის, ასევე ავტომობილების წარმოებას.