რომელ დარგებში გასცემენ ყველაზე მეტ სესხს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები - Palitra News

რომელ დარგებში გასცემენ ყველაზე მეტ სესხს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები

2021-11-15 08:19:55+04:00

2021 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების რაოდენობა 72 024 ერთეულით, ხოლო თანხის მოცულობა 207.494 მლნ ლარით გაიზარდა.

კერძოდ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული მონაცემების თანახმად, 2020 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, მისო-ებმა 1 123 738 355 ლარის 648 183 ერთეული სესხი გასცეს, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 1 331 233 114 ლარის 720 207 ერთეული.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით, მისო-ების მიერ ყველაზე მეტი - 512 925 სესხი სალომბარდე იყო, მას მოსდევს განვადება - 85 569 სესხით, მე-3 ადგილზეა სამომხმარებლო სესხები - 57 063 ერთეული სესხით.

ცნობისთვის, 2021 წლის მესამე კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციები რეკორდულ მოგებაზე გავიდნენ. სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში მისო-ების წმინდა მოგებამ 78.7 მლნ ლარს გადააჭარბა. ეს თითქმის 20 მლნ ლარით მეტია წინა კვარტალთან შედარებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით კი 66 მლნ ლარით.