ახალ ზელანდიაში სავალდებულო ვაქცინაციისა და „ლოქდაუნის“ წინააღმდეგ ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა.
მედიის ინფორმაციით, ხელისუფლებამ პარლამენტთან უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. კერძოდ, დაიკეტა პარლამენტის ყველა შესასვლელი, ორის გარდა და შენობასთან უპრეცედენტო რაოდენობის სამართალდამცავების მობილიზება განხორციელდა.
ახალი ზელანდია წელს კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელებას ებრძვის და პრემიერ-მინისტრმა ჯესინდა არდერნმა ვირუსის „ლოქდაუნების“ საშუალებით აღმოფხვრის სტრატეგია ჩაანაცვლა სტრატეგიით, რომელიც ითვალისწინებს ცხოვრებას ვირუსთან ერთად, მაგრამ ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლით.
ცნობისათვის, ახალი ზელანდია მსოფლიოს იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც დაინფიცირების მაჩვენებელი დაბალია. პანდემიის დაწყების დროიდან ახალ ზელანდიაში მხოლოდ 8 000 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 32 გარდაიცვალა. ამასთან, ქვეყანაში მოსახლეობის თითქმის 80%-ი სრულადაა ვაქცინირებული.