პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე დამატებითი ძალები, მესაზღვრეები, პოლიცია და სამხედროები, განალაგა, რადგან, ქვეყნის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ევროკავშირში შეღწევის მიზნით ბელარუსიდან ასობით მიგრანტი მიემართება.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანას ახლა რეგიონში 12 000 ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული. პოლონეთი აცხადებს, რომ ბელარუსი, მიგრანტების დიდი ჯგუფის წახალისებით, „დიდ პროვოკაციას“ აწყობს.
პოლონეთის სადაზვერვო სამსახურების კოორდინაციის სამინისტროს პრესსპიკერის, სტანისლავ ზარინის ინფორმაციით, ჯგუფი პოლონეთში "მასობრივად" შესასვლელად ემზადება. მისივე თქმით, მიგრანტები ბელარუსის შეიარაღებული ქვედანაყოფების მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფებიან, რომლებიც წყვეტენ, თუ რა გზით შეუძლია ან არ შეუძლია ჯგუფს წასვლა.