კორონავირუსის პანდემიის გამო ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 6 თვეზე მეტი ხნით შემცირდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, - ინფორმაციას Reuters-ი ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, კვლევამ, რომელიც ევროპის ქვეყნებს, აშშ-სა და ჩილეს, ჯამში 29 ქვეყანას, მოიცავდა, აჩვენა, რომ აღნიშნული ქვეყნებიდან 27-ში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შემცირდა.
„ის ფაქტი, რომ ჩვენი შედეგები ხაზს უსვამს ამხელა ზეგავლენას, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია კოვიდ 19-ის პანდემიასთან, აჩვენებს, თუ რამდენად დამანგრეველი იყო ეს შოკი მრავალი ქვეყნისთვის“, - განაცხადა კვლევის თანაავტორმა რიდი კაშიაპმა.
კვლევის თანახმად, მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მეტად შემცირდა და ამ მხრივ ყველაზე ცუდი შედეგი ამერიკელ მამაკაცებში დაფიქსირდა, სადაც, მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა 2019 წელთან შედარებით 2.2 წლით შემცირდა.