სამეფო კობრა, რომელიც მეცნიერებისთვის მეტწილად გამადრიადის სახელითაა ცნობილი, ქვეწარმავალთა მრავალრიცხოვანი ოჯახის ყველაზე მსხვილი და შხამიანი წარმომადგენელია, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ შთამბეჭდავი გაბარიტების და შემზარავი იერის წყალობით არა მხოლოდ სამეფო ტიტული, არამედ ადამიანების რიდი და პატივისცემაც დაიმსახურა.
სამეფო კობრას პოპულაცია საკმაოდ ფართო არეალზე ვრცელდება და თითქმის მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას მოიცავს ინდონეზიის, ინდოეთის და პაკისტანის, ფილიპინების, ტაილანდისა და მალაიზიის ჩათვლით. მართალია, გამადრიადის ჩვეულ გარემოდ ხშირი ბალახით და ბამბუკით მდიდარი, რბილი კლიმატის და მაღალი ტენიანობის ტროპიკული ტყეები ითვლება თავისი გრილი ჭაობებით, მაგრამ ბოლო დროს კობრა ადამიანებით დასახლებულ პუნქტებშიც ხშირად სტუმრობს, რაც ერთის მხრივ, ქვეწარმავლის მშობლიური ტყეების განადგურებით, მეორეს მხრივ, სოფლის მეურნეობის განვითარებით აიხსნება, რადგან სწორედ სასოფლო-სამეურნეო ნათესებში ბინადრობენ ის მღრღნელები და შედარებით მცირე ზომის გველები, რომლითაც კობრა იკვებება.
სოლიდურობის გათვალისწინებით, ასპიტისებრთა ოჯახს მიკუთნებულ ქვეწარმავალს მეცნიერები დამოუკიდებელ - სამეფო კობრათა ქვეოჯახად გამოყოფენ. ჩვეულებრივ, ზრდასრული გამადრიადის სიგრძე ოთხ მეტრს აღწევს, თუმცა ცალკეული ინდივიდები ექვს მეტრამდეც იზრდებიან. აღსანიშნავია, რომ სამეფო კობრა საშუალოდ 30 წელი ცოცხლობს და მთელი ცხოვრების მანძილზე იზრდება.