შვეიცარიაში ვენახის სოკოს გამო ცუდი რთველი იქნება - Palitra News

შვეიცარიაში ვენახის სოკოს გამო ცუდი რთველი იქნება

2021-08-17 09:25:37+04:00

შვეიცარიაში ბოლო რამდენიმე კვირის ნალექმა ვაზის ჭრაქის სწრაფი გავრცელება გამოიწვია. პორტალ AgroXXI-ის ცნობით, ამ სოკოვანმა დაავადებამ ვენახებში ეპიდემიურ მასშტაბს მიაღწია, რადგან ის ყველაზე აქტიურად ტენიან და გრილ პირობებში მრავლდება.

შვეიცარელი მევენახეები და მეღვინეები ცუდ მოსავალს მოელიან. ვალეს მევენახეობის განყოფილების ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ წელს სოკოვანი დაავადებებით გამოწვეული ზიანი, სხვა წლებთან შედარებით, გაცილებით დიდი იქნება. ვალეს გარდა, ვაზის ჭრაქი მძვინვარებს ვოსა და ტიჩინოს კანტონებში.

მუდმივი ტენიანი ამინდის გამო, სოკოვან დაავადებებთან ბრძოლა, როგორიცაა ჭრაქი, მეტად გართულდა. ვაზებს პროფილაქტიკური დამუშავება პესტიციდებით სჭირდება, მაგრამ ფუნგიციდების შესხურება წვიმის დროს არ შეიძლება, რადგან ამისთვის კარგი ამინდების ციკლია საჭირო.