შინაგან საქმეთა მინისტრმა იარაღის შენახვისა და გადატანის ახალი რეგულაციები დაამტკიცა - Palitra News

შინაგან საქმეთა მინისტრმა იარაღის შენახვისა და გადატანის ახალი რეგულაციები დაამტკიცა

2021-08-07 13:07:50+04:00

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა წესში ცვლილებები დაამტკიცა. მინისტრის ბრძანებით, განისაზღვრა სანადირო იარაღის ტარების ახალი წესი. კერძოდ, დასახლებულ პუნქტში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში სანადირო იარაღის ტარება დასაშვები გახდა მხოლოდ სპეციალური შალითით, განმუხტულ, ვაზნებისგან განცალკევებულ მდგომარეობაში, რა დროსაც სანადირო იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს მისი მოხსნის გარეშე იარაღის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა ან სანადირო იარაღი უნდა იყოს არასრულად დაშლილ მდგომარეობაში.

ბრძანებით დეტალურად განისაზღვრა იარაღის არასრული დაშლის განმარტება. კერძოდ, იარაღი არასრულად დაშლილად ჩაითვლება, თუ მასში არსებული ყველა შესაძლო ნაწილის განცალკევება მოხდება სპეციალური ხელსაწყოების გამოყენების გარეშე.